ია ლოდია

საკუთარ თავზე საუბარი, ალბათ, ჩემი თავის თქვენამდე ობიექტურად გაცნობის
იმთავითვე წარუმატებელი მცდელობაა, თუმცა რამდენიმე რამ დანამდვილებით
შეიძლება ითქვას ჩემ, როგორც რიგითი სტუდენტის, შესახებ. შემოქმედებითი
სული, ვფიქრობ, რაღაც დოზით ბავშვობიდან იყო ჩემში, საყოფაცხოვრებო
საგნებთანაც ხშირად გამიბამს მეგობრული დიალოგი და თავი გიჟად
სრულებითაც არ მიგრძვნია. პოეზია ბავშვობიდან მიყვარდა, წერის სწავლასთან
ერთად ლექსებიც შემომეწერა, რომლებსაც დედაჩემი დღემდე გულმოდგინედ
ინახავს. ხატვაზეც არასდროს ვამბობდი უარს, თუმცა ფუნჯი ალბათ წლებია
აღარ მჭერია ხელში. წლების მატებასა და გასტუდენტებასთან ერთად
მხატვრული ესთეტიკისადმი ინტერესი თანდათან გაღვივდა, რასაც
თავისუფალმა უნივერსიტეტმა, რომელიც უკვე მეოთხე წელია სახლად მექცა,
მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მუსიკის, თეატრისა და ლიტერატურის
უსასრულო სივრცეები ალბათ სწორედ ისაა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას
უსიტყვოდ იპოვო შენი თავი და ასე, ჩემსავით, ბიოგრაფიული ტექსტის წერისას
ჰაერში გამოკიდებული არ ეძებდე სიტყვებს რომ რაღაცნაირად შენი თავი მოხაზო
და აღუწერო მკითხველს.
ფესტივალი „საჩუქარი“ ჩემთვის ახალი არ არის, გასულ წელს თითქმის არცერთი
სპექტაკლი არ გამომიტოვებია. იშვიათად მახსენდება ისეთი ემოცია, რაც
სარდინიულმა დასმა თავისი დადგმული „მაკბეტით“ გამოიწვია ჩემში. ალბათ
სწორედ ესაა ის გამაშუალებელი, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავთან
წამიერად შეგახვედროს და სრულიად აღტყინებულმა ვერც კი გაბედო
სპექტაკლის დასასრულს გაბედული ტაშის შემოკვრა. ფესტივალი წელსაც
პირდება მაყურებელს მრავალ ასეთ სანახაობას, რომლებზე წერის ბედნიერებაც
ეიფორიას მიქმნის და მკითხველის მიმართ სრული პასუხისმგებლობით
განმაწყობს.