მაგი მარენის მაგია

დავით ბუხრიკიძე ახალი ამბები / კულტურა18 სექტემბერი, 2019 16:10

დიდი ხნის წინ, 1981 წელს, ჯერ კიდევ უცნობმა, მაგრამ ბანიოლეს პრესტიჟულ ფესტივალზე გამარჯვებულმა ფრანგმა მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, მაგი მარენმა სემუელ ბეკეტს მისწერა, რომ მისი ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლის დადგმა სურდა. ცხადია, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დიდი ირლანდიელი მწერლისა და დრამატურგის ინსპირაციით შექმნილი ოპუსი May B ყველა კონტინენტს შემოივლიდა და ათას ოთხასამდე წარმოდგენას (!) გაუძლებდა. და აი, 38 წლის შემდეგ, 2019 წელს, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ ოქტომბერში,  თბილისში სწორედ ფრანგი ქორეოგრაფის ამ საკულტო წარმოდგენით იხსნება.

May B მართლაც უნიკალური მოვლენაა თანამედროვე ქორეოგრაფიის ისტორიაში და შეიძლება თავისი გავლენითა, მასშტაბითა თუ მნიშვნელობით მორის ბეჟარის „ბოლეროს“, მათს ეკის „ჟიზელს“, ან პინა ბაუშის „კაფე მიულერს“ შევადაროთ. სხვათა შორის, მაგი მარენი თავის დროზე სწორედ ბეჟარის სტუდიაში სწავლობდა. ეს არის ქორეოპუსი, რომლის საზღვრები დროის მიღმაა და რომელიც ცხადად წარმოაჩენს სხეულის შესაძლებლობებს და ადამიანის არსებობის, მისი ეგზისტენციის იდუმალებას. ამდენად, მაგი მარენის სპექტაკლი ამდენი ხნის შემდეგაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული მნიშვნელობისაა.

დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ, ლიონის ცეკვის ბიენალეზე პირველად ვიხილე ვიდეო ფრაგმენტებით უკვე ათვისებული და კრიტიკოსების მიერ მრავალგზის შეფასებულ-აწონილი ეს ლეგენდარული წარმოდგენა. თუმცა ლაივში ნანახმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. May B წლების შემდეგაც აღიქმება როგორც ეპიკური პოემა სხეულების დეფორმაციის, სიმძიმის, უწონობის, სასოწარკვეთის, სიშლეგის, სისასტიკის, გამოუვალობის, აღმაფრენის, პოეტურობის და კიდევ  სხვა უსასრულო მოდულაციების შესახებ. ის გვიზიარებს და გვაზიარებს ცეკვის ყველაზე დიდ საიდუმლოს – ჩვენი არსებობის იდუმალება სხეულითა და მოძრაობით წარმოაჩინოს.

სპექტაკლში ათი-თორმეტი პერსონაჟია, კონკრეტული ასაკის, ბიოგრაფიისა და ისტორიების გარეშე. მათი დეფორმირებული სხეულები და ჟესტები კარგად მიუთითებენ მათსავე შერყეულ სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გრძელი, თეთრი, თითქოს კირში ამოგანგლული კოსტიუმები და ასევე თეთრი თიხით შენიღბული სახეები დროთა განმავლობაში იშლება, იღვენთება და სცენას თეთრ მტვრად ედება. ისინი ხან აღმართს მიუყვებიან, ხან პლატოს გასწვრივ მოგზაურობენ… შემდეგ მოულოდნელად ჩერდებიან და უსასრულობად ქცეულ სივრცეს საგანგებოდ აშტერდებიან.

მკვეთრი, თითქმის დაუზოგავი და უხეში მოძრაობების გამო დროთა განმავლობაში მოცეკვავეთა თეთრ სახეებზე ოფლი თავის კვალს ტოვებს და მათ მკვდრისფერი ედებათ! თუმცა სინამდვილეში ეს სიცოცხლის და ბრძოლის უნარიანობის ნიშანია. მათი თითოეული ნაბიჯი, ერთი შეხედვით უაზრო სრბოლა, სინამდვილეში უსასრულობისკენ სავალი გზაა, სადაც საეჭვოა „ბედნიერი დღეები“ დადგეს, ან „გოდოს მოლოდინით“ გატანჯულებმა დღეები მონდომებულად ან მიზანდასახულად დაითვალონ. ამ მოუხელთებელი, მაგრამ დაღლილი სხეულებისთვის თავისუფალი სივრცე თანდათან შეიზღუდება და ბოლოს მათ საკუთარ საზღვრებში გამოკეტილებს დავინახავთ და შევაფასებთ.

თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში სპექტაკლში May B ოთხმოცამდე მოცეკვავე შეიცვალა და ჩვენს მაყურებელს ალბათ, უკვე მეოთხე თაობის მოცეკვავეთა ნახვა მოუწევს რუსთაველის თეატრის სცენაზე. თუმცა, დარწმუნებული ვარ ის მიმზიდველობა და კოდი, რაც მაგი მარენის საოცარ ქორეოგრაფიაში დევს, ანუ მაგი მარენის მაგია მაინც საგრძნობი და ხელშესახები იქნება. ასე რომ, ბედნიერ საათებს გისურვებთ ამ ერთი შეხედვით ძალიან დაგვიანებულ, მაგრამ საოცარ ქორეომოგზაურობაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s