6 მიზეზი, რაც GIFT-ს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფესტივალად აქცევს

90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირიდან ახლად გამოსული საქართველო, აფხაზეთისა და თბილისის სამოქალაქო ომების შედეგად შექმნილ მძიმე კრიზისს უმკლავდებოდა, ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტილ იმ უსიცოცხლო სხეულის ნაწილს დაემსგავსა, რომლის გადარჩენის იმედი დღითიდღე იკლებდა. იმ დროს,  როცა სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობა ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირის რესურსისა და პირველადი საჭიროების ნივთების დეფიციტს განიცდიდა, ალბათ რამდენიმე გამოუსწორებელ ოპტიმისტს თუ შეეძლო გამოენახა დრო ხელოვნებაზე სასაუბროდ, მათგან მხოლოდ ერთს კი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის დაარსებაზე ფიქრისთვის. სწორედ ეს ერთადერთი აღმოჩნდა რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელმაც ქვეყანაში, სადაც უცხოელები მხოლოდ ჰუმანიტარული მისიით ჩამოდიოდნენ, მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ვარსკვლავები შეკრიბა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ქართველ მაყურებელს უსაჩუქრა. მას შემდეგ, სიურპრიზებით სავსე და საჩუქარივით ფერად ფესტივალს, საქართველოში საუკეთესო უახლესი სახელოვნებო ნაწარმოებები ჩამოქვს.

სულ მალე, ფესტივალი არსებობის 22-ე წელს აითვლის და კიდევ ერთ სეზონს უმასპინძლებს. სანამ  Gift-ის გუნდი ფესტივალის გახსნისთვის ემზადება და ბოლო დეტალებს აზუსტებს, თვალი გადავავლოთ რამდენიმე მიზეზს, რაც „საჩუქარს“ მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ფესტივალად აქცევს:

 საჩუქარი“  საერთაშორისო ვარსკვლავური ბორდის მიერ დაფუძნდა

ფესტივალი 1997 წელს, მსოფლიოს წამყვანი თეატრალური ფესტივალების, არტისტების და წამყვანი პროდიუსერების მიერ შეიქმნა, რომლებიც დღემდე ფესტივალის საერთაშორისო დირექტორატის წევრებს წარმოადგენენ. ამ სიაში შედიან ისეთი მნიშვნელოვანი სახელები, როგორიცაა: უილიამ ბარდეტ-კუტსი – ედინბურგის „ესემბლი ფესტივალის“ და ლონდონის „რივერსაიდ სტუდიოს“ სამხატვრო ხელმძღვანელი, რობ ბრუკმანი -ადელაიდის ფესტივალების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი, საშა ვალცი – ბერლინის სახლემწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვანესა რედგრეივი  მსახიობი სა სხვები. ფესტივალის დირექტორატის ერთადერთი ქართველი წევრი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი – ქეთი დოლიძეა.

Gift-ი ჯერ კიდევ მაშინ გახდა საქართველოს ელჩი, როცა ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლეობები არ საქმიანობდნენ 

მაშინ, როცა ფესტივალის შექმნის ამბიციური და ერთი შეხედვით დაუჯერებელი გეგმა იქმნებოდა, საქართველო ახლად დაბადებული დამოკიდებელი სახელმწიფო იყო, მინიმალური მსოფლიო ცნობადობით. ნაომარ ქვეყანაში, ჯერ კიდევ არ საქმიანობდნენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მეტიც – მაშინ, როცა უცხოელ პროდიუსერებთან საკონსულტაციო შეხვედრებს იწყებდნენ, GIFT-ის სახატვრო ხელმძღვანელმა და გენერალურმა მენეჯერმა, ინგლისის ვიზების მიღება მხოლოდ თურქეთში შეძლეს. ლონდონში ჩასულებმა კი დაიწყეს შეხვედრები საერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოებასთან, რომელიც ჯერ ფესტივალის პერსპექტივაში დაარწუნეს, შემდეგ კი საქართველოში ჩამოიყვანეს. იმ დროს, როცა საქართველოსა და ინგლისს შორის საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა, მათ შეძლეს და სპეციალურად დანიშნული ჩარტერით, ლონდონიდან თბილისში 300-მდე სხვადასხვა ქვეყნის არტისტი ჩამოიყვანეს. ამგვარად, ფესტივალი იქცა პირველ ქართულ ინსტიტუციად, რომელმაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა შექმნა და კულტურული დიპლომატის როლი იკისრა.

გიფთის სტრუქტურა მთლიანად ეფუძნება ედინბურგის ფესტივალს და შექმნილია ამავე ფესტივალის თანამშრომლების მიერ

90-იან წლებში საქართველოში არ არსებობდა ფესტივალების მომზადების და მენეჯმენტის გამოცდილება, საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის გაძღოლა კი სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა. სწორედ ამ დროს შეხვდნენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი და აღმასრულებელი დირექტორი უილიამ ბარდეტ-კუტსს, რომელმაც მათთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება არ დაიზარა. ბარდეტ-კუტსმა, რომელიც ედინბურგის ფესტივალის სამხატვრო ხელძღვანელი გახლდათ, ფესტივალის მოსამზადებლად საქართველოში ედინბურგის ფესტივალის მთელი ადმინისტრაციული გუნდი გამოგზავნა. სწორედ მათთან თანამშრომლობით შეიქმნა GIFT-ი სტრუქტურა.

ფესტივალის პროგრამაში მხოლოდ საუკეთესო სახელოვნებო ნამუშევრები ხვდება

საერთაშორისო დირექტორატის გარდა, GIFT-ისთვის, ყოველწლიურად მუშაობენ წამყვანი პროდიუსერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ფესტივალის მდიდარ პროგრამაზე აისახება. საერთაშორისო რეკომენდაციები საბოლოოდ დირექტორატის ერთადერთ ქართველ წევრთან და ფესტივალის სამხატვრო დირექტორთან იყრის თავს. უმკაცრესი სელექციის შემდეგ, ფესტივალზე მოხვედრას მხოლოდ საუკეთესო ნაწარმოებები ახერხებენ, რომელთა ნახვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში განსაკუთრებულად ელოდებიან.

ფესტივალი იმ უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენს, რომელშიც ფინანსურ კონტრიბუციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ახდენს

ფესტივალი, ყოველწლიურად მასპინძლობს უცხოურ ფოკუსს და მაყურებელს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნებისა და კულტურის უფრო ახლოს გაცნობის საშუალებას აძლევს. ფოკუს-პროგრამის მომზადებაში აქტიურად ერთვებიან საელჩოები და ფოკუს ქვეყნების კულტურის სამინიზტროები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ხელოვნების ფესტივალზე მოსახვედრად არც ფინანსურ კონტრიბუციას იშურებენ. სხვადასხვა წელს ფესტივალი დაფინანსდა გერმანიის, იტალიის, ნორვეგიის, იაპონიის და სხვა ქვეყნების კულტურის სამინისტროების მიერ.

GIFT-ზე მსოფლიოს უახლესი სახელოვნებო წაროდგენების ნახვა ყველაზე იაფადაა შესაძლებელი

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ფესტივალი „საჩუქარი“ გამორჩეულ ადგილს იკავებს მსოფლიო ფესტივალებს შორის, მისი საფასო პოლიტიკაა. ის იმ უიშვიათეს ფესტივალებს შორისაა, რომელთა მისია და ღირებულებები ორი ათწლეულის შემდეგაც უცვლელი რჩება. GIFT-ი როგორც საზოგადო მოღვაწე, დაარსებიდენ დღემდე ზრუნავს მაღალი ხელოვნების ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომის უზრუნველყოფაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელმწიფო და უცხო ქვეყნების დაფინანსება ჯამში სხვა მსგავსი ფესტივალების ბიუჯეტის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, „საჩუქარი“ მაყურებელს მსოფლიოს საუკეთესო სახელოვნებო ნამუშევრების ხილვის საშუალებას ყველაზე დაბალ ფასად აძლევს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი წლევანდელი სეზონიცაა, რომელზე დასასწრები ბილეთების ფასი 8 ლარიდან იწყება.  ვარსკვლავური ჰედლაინერებით და ესპანური ფოკუსით, GIFT 2019 სტარტს 19 ოქტომბერს აიღებს და ერთი თვის განმავლობაში ქართველ მაყურებელს ვიქტორია ტიერი ჩაპლინის, ნატალი მენდესის, როსიო მოლინას და სხვა ვარსკვლავური სახელების წარმოდგენებს შესთავაზებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s