ია ლოდია: ზანზალაკები და ავგაროზი

ია ლოდია

სიზმარეული ფაბულა, რომელიც სინამდვილის კანონებს პრინციპულად არ ემორჩილება, არ ყვება ამბავს პერვერსიულ კლეპტომან ქალზე, რომელიც ყოველი შესაძლებლობისას მავნებლობს, ეს უბრალოდ მოცემულობაა, რომლის ჩრდილქვეშაც იძენსს სპექტაკლი საზრისს. მთავარი პერსონაჟი ცალკეული ადამიანის აღგზნებულ შფოთვას ირეკალვს, რომელიც გამუდმებულ მოუსვნერობას შეუპყრია საკუთარი თავის პოვნის იმედით – ერთი სიუჟეტიდან მეორეში უეცარი, მკვირცხლი გადასვლაც შეიძლება ასე ინტერპრეტირდეს. ეპიზოდების ამ დახუნძლულ მწკრივზე კრთომაც (ხშირად ვერ ვხვდებით, სცენის რომელი წერტილიდან უნდა ველოდოთ ქალის უეცარ გამოჩენას) ისეთივე ეფემერულია, როგორიც ის, რის მოხელთებასაც პერსონაჟი მთელი სპექტაკლის განმავლობაში ცდილობს. თითოეული მოპარული ნივთი ადამიანის არსებასა და [მისივე]
არსებობის ძაფს შორის ყულფის გაბმის მცდელობაა. ფაქტობრივად, სპექტაკლი
ეგზისტენციალურად არამდგრადი ქალის ინტროსპექციაა, ნებისმიერი საგანი, რომელიც, წესით, საკუთარი თავის ჩაბღაუჭებაში უნდა ეხმარებოდეს, თავად ხდება მოქმედი პირი და იმორჩიელბს მას. მთავარი გმირის მაცდური მოუხელთებლობა, ფემინურობის კლასიკური გაგებით, სასოწარკვეთის ალმურნარევ ეფექტს ქმნის, რომელიც დაყუჩების, ამოსუნთქვის იმედს სპობს და, ამავდროულად, მას [პერსონაჟს] გაცილებით მიმზიდველს ხდის. რეალობის ფრაგმენტულ აღწერასთან ერთად ჩნდება სცენა, რომელიც არსებული დროისა და სივრცის პარალელურად, ქალის ცნობიერში ინაცვლებს („დიალოგი“ აურელია ტიერსა და სამ მარიონეტს შორის) – ეს შინაგანი ბრძოლის ყველაზე ცხადი გამოვლინებაა, რომელიც ზემოაღნიშნულ პროცესებში იმთავითვეა ჩაწერილი.
სპექტაკლის მსვლელობისას დარბაზში დაგუბებული დაძაბულობა მხოლოდ და
მხოლოდ მაშინ ხდება უძლური, როდესაც დაღლილი, დაუძლურებული ქალის მოქნილი სხეული მზადაა მორჩილებისთვის და ცეკვავს – მოყირჭების ამ მყიფე წუთებში ეს ერთადერთი შესაძლებლობა დაეხსნას იმ შინაგან ბორგვას, რომელიც სამყაროში საკუთარი თავის დამტკიცებას ავალდებულებს.

Leave a comment