სითხედ ქცეული ადამიანი, ანუ მოუხელთებელი მიზეზი არსებობისა

გიორგი ჭკადუა

იმ უამრავი ამბავში, რომელიც ადამიანს გულის სიღრმეში თაროზე აქვს შემოდებული, აუცილებლად წავაწყდებით ამბავს გაქცევაზე. ოღონდ მე იმ გაქცევის ამბავზე ვსაუბრობ, რომელიც ყოვლად სულელური და ბავშვურია, რადგან ეს ამ სამყაროდან გაქცევის ამბავია, ხოლო თუ რაციონალური ჩარჩოებიდან გაპარვა გინდა სულელურ და ბავშვურ ფიქრებს უნდა მიაკითხო. უამრავჯერ მომიპარავს სხვისი მოგონილი პორტალები, რომლებიც გაქცევაში დამეხმარებოდნენ. კარადის გამოღებისას რამდენიმე წამით მიფიქრია ნარნიაში მოხვედრაზე, ტყეში სიარულისას რომელიმე ორმოში ჩავარდნასა და უჩინარი კატის გაცნობაზე და ეს თუ არა, სხვადასხვა სადგურზე მაინც მომითვალიერებია 93/4 პლატფორმა. თუმცა არასდროს წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა უბრალოდ კართან მივსულიყავი, ძლიერად, ისტერიულად მებრახუნა მასზე, კარს იქიდან კი რაღაც ძალას ჩემი ტანსაცმელი შეეწოვა, მოეძრო ამ სამყაროსეული ჭუჭყით დამტვერილი ნაჭრები, ერთი ძლიერად დავბზრიალებულიყავი და ოქროსფრად ავფეთქებულიყავი შუა სცენაზე, იმ ტანსაცმლით, რომელიც არ ვიცოდი, რომ გამაჩნდა და იმ სურნელით, რომელსაც მხოლოდ წინა რიგებში მსხდომნი იგრძნობენ და ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ წინა რიგებში მსხდომთათვის იქნება რაიმე მნიშვნელობის მქონე. შემდეგ კედელი თავისი ფეხით ამოტყდებოდა სიმრთელიდან და გაიხსნებოდა გზა ჩემი ამბისკენ. ასე დაიწყო სპექტაკლი, რომელსაც არას დიდებით არ ექნება ბედნიერი დასასრული. ასე დაიწყო ამბავი ქალისა, რომელიც ნივთებით არის შეპყრობილი და კიდევ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ეს კედლისმიღმა მომხდარი ამბავია, აქ მაგიურობის გარეშე არაფერი გამოვა.

,,რომელი საათია?’’ – კითხულობს აურელია ჩაპლინი. მაყურებელი ერთი წამით სცენას წყვეტს თვალს და ერთმანეთს ,,ხომ არ მომესმა?’’ მზერით გადახედავს. არა, არ მოგვესმა. სპექტაკლში სულ რამდენიმე წინადადება არის ნათქვამი ხმამაღლა და ყოველი წინადადება არის ქართულად. ხოლო დანარჩენს სიტყვები არ სჭირდებოდა. მაყურებელმა ნახა უსიტყვო, ცეკვით, მუსიკით და განათების ცვლილებით მოყოლილი ამბავი და ყველაფერი ზედმიწევნით გაიგო. ჰო, სიტყვით შექმნილ სამყაროში მცხოვრები ადამიანისთვის ძნელი დასაჯერებელია, ჰოდა, თუ არ გჯერათ, ცოტა ხნით კიდევ მომადევნეთ თვალი. წარმოიდგინეთ, რომ გაიცანით ადამიანი, რომელმაც პირველივე დანახვისას თავზარი დაგცათ. გაიცანით. საუბარი კარგად წავიდა. მიიყვანეთ სახლში. გახვედით სასმლის მოსატანად. მობრუნებულს კი ცარიელი სავარძელი გხვდებათ. პარალელურად, წარმოიდგინეთ, რომ ასევე შეხვდით ადამიანს, რომელმაც გადაგრიათ. გაიცანით. საუბარი კარგად წავიდა. აჰყევით სახლში. ის სასმლის მოსატანად გავიდა. თქვენ თვალი მოავლეთ ოთახს და იგრძენით, რომ ამ ოთახში არსებულ ყველა ნივთს თუ არ მოიპარავთ, კანი აგძვრებათ. თქვენ გტკივათ იმიტომ, რომ თავს იკავებთ და გკტივათ იმიტომ, რომ იცით, მომავალში ინატრებთ, რომ ნეტავ, მაშინ აგძრომოდათ კანი. საბოლოოდ, ის ოთახში ბრუნდება, თქვენ კი სავარძელში ხართ ჩამალული. შემდეგ ცუდად ყოფნას მოიმიზეზებთ, სახლიდან გასვლისას რამდენიმე ნივთს გააყოლებთ ხელს, სასტუმროს კარიდან კი ისე აორთქლდებით, რომ მაყურებელსაც და თქვენს კავალერსაც ჰგონია, რომ მიწამ გიყოთ პირი. ამ ამბის შემდეგ, რა სიტყვებით შეიძლება გამოთქვას ტკივილი ადამიანმა? რატომ უნდა ეცადოს, თქვას ის, რაც სიტყვაში არ გამოითქმის, მით უმეტეს იმ ეპოქაში, რომელსაც ციტატების ეპოქას ვეძახით, სადაც უკვე ყველაფერი ნათქვამია. ეს უკვე ის სამყაროა, რომელიც სიტყვამ კი შექმნა, მაგრამ მანვე ამოწურა, ამიტომ ის კაცი, რომელსაც თვალწინ აუორთქლდა ქალი, შეყვარებული კაცი, ღვინის ბოთლთან ერთად ფლამენკოს ცეკვავს და რივერდანსის სინთეზით რიტმს ყვება. მისი ყოველი გადახრა, წელისა და კუნთების დაჭიმვა, ამასობაში კი ფეხსაცმლის ქუსლის ძლიერი დარტყმა პარკეტზე, მის ტკივილს გამოხატავს, როგორც უხმოს და როგორც ხმიანს.

მაგიურია სცენაც. ის იმ ეპიზოდში მონაწილე ადამიანისთვის იქმნება, მსახიობის სცენაზე შემოსვლის წამსვე, მყისიერად და საბოლოოდ მის ჩრდილთან ერთად იპარება ყოველი ეპიზოდის დასასრულს. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს, რომ ამბავს ვუყურებთ. სპექტაკლის მიმდინარეობისას მაყურებლის ადგილი სრულად მხოლოდ რამდენჯერმე ჩაბნელდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მთელი სპექტაკლის გნმავლობაში დაუცველობას ვგრძობდი, რადგან ცოტათი მეც ვჩანდი. მე არ ვიყავი მხოლოდ მაყურებელი, რომელიც სიბნელეში კომფორტულად ზის და აფასებს. მე რაღაც დონეზე ვჩანდი. ვჩანდი არა მთლიანად, მაგრამ იმდენად, რომ გულში შეეღიტინა და მოდუნების საშუალება არ მოეცა. ხოლო მაშინ, როდესაც მთლიანად ჩაბნელდა მაყურებელიც, სცენაც და შუქი მხოლოდ იმ ფარდას დაემიზნა, რომელიც მთავარი გმირის სულ ბოლო მოპარული შარფის ფერი იყო, სიდამპლის ფერი იყო, ობის ფერი იყო, აი, მაშინ, როცა ამ ფერის გარდა არაფერი ჩანდა სამყაროში, მეც მინდოდა, კუნთები დამჭიმვოდა, წელი გადამეზნიქა და ფეხსაცმლის ქუსლი ენერგიულად დამერტყა, თავიდან ყოველ მესამე თვლაზე ხოლო შემდეგ უფრო ხშირად, უფრო ხშირად, უფრო ხშირად, ისტერიამდე.

ჩვენ ვუყურებდით ადამიანს, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ხელიდან უსხლტებოდა სხვა პერსონაჟებს. ერთ წამს ხელით ეხებოდი, მეორე წამს კი სიცარიელე გეპყრა მუჭში. მისი ნივთებთან კომუნიკაცია იმდენად შორს წავიდა, რომ მას შეეძლო ნახატებში შეჭრილიყო და ბრძოლის სცენაში მიეღო მონაწილეობა. ის რამდენჯერმე გადაიქცა ცხოველად და მეტიც, თოკზე ჩამოკიდებული, ჰაერიდან სრულიად გაქრა კიდეც. ჩვენ ვნახეთ ამბავი თხევადი ადამიანისა, რომელსაც ყველანაირი ფორმის მიღება შეუძლია. ჩვენ ვნახეთ სამყარო, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის იღებს ფორმას, მაგრამ რა უნდა ვქნათ თუ ამგვარი სამყაროს მოწყობის მიზეზი თხევადი და მოუხელთებელი ადამიანია, როგორ უნდა ვიმოქმედოთ გარემოში, რომელიც არამყარი, მკრთომი და მყისიერადაც კი დაუფიქსირებელი მიზეზით იცვლება. არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ საბოლოოდ ის ისევ კედლიდან გამოვიდა, თავის ძონძებში შეძვრა და ასე დასრულდა ამბავი, როგორც ღამის სიზმარი, ანუ ჩემი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s