ზანზალაკები და ავგაროზი

მარიამ სამუშია

როგორც ახლა ჩანს, სიყმაწვილის ერთ-ერთ დღიურში თავი დიდი თავხედობითაც გამომიდია: “ყველაფერი უკვე ვიგრძენი და ვიფიქრე!”, თურმე, თხუთმეტი წლისამ. მომდევნო დღესვე უნდა მოეხერხებინა, ვფიქრობ, სამყაროს, რამდენჯერმე უარვეყავი. იმის მერეც რომ მრავლად იყო საუცხოო აზრებითა და გრძნობებით გაოცება, დანამდვილებით მახსოვს. ოღონდ მოგვიანებით ისევ მივუბრუნდი იმაზე ფიქრს, რომ ყმაწვილობის ხსენებულ კადნიერებას სიმართლის მსგავსი რამ მაინც შეიძლება, გამორეოდა. სიმართლე, კერძოდ, უნდა ყოფილიყო შემდეგნაირი:

მართალია, ემოციათა ინტენსივობაც, აღმძვრელი მიზეზებიცა და გამომხატველი ფორმებიც სხვადასხვაგვარი და ცვალებადია მუდამ, მაგრამ შესაძლოა, თავად შეგრძნებათა პალიტრა არ იყოს მაინცდამაინც დაუსაზღვრელი. შეიძლება, ყველას სათითაოდ, თანდაყოლილად გვგდევდეს ემოციათა ეგრედ წოდებული არქეტიპები, ის განცდები, რომლებზეც ყოველთვის ყვებოდა ლიტერატურა და ყოველდღე ვყვებით ჩვენც, მეგობრული დიალოგებისას. თუმცა ოცდაათ ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრში, ჩემ შემთხვევაში ასე მოხდა მოულოდნელად, რომ ეს ფიქრიც, ახლახანს ხსენებული, მგონი, უკანასკნელად უარიყო:

სპექტაკლის დასაწყისიდან მალევე, სცენაზე დაბზრიალდა აურელია ტიერი; მძიმე, მუქი ნაჭრები ტანიდან თანდათან დასძვრა; თითქოს ჯადოსნობით სახიდანაც მოსცილდა მოხუცებულის გრიმი და სცენის კიდესთან მოწყვეტით გაჩერებულს, თხელი სხეული და ფაიფურისფერი სახე ოქროს სხივებით გადაუნათდა. მსახიობის მოძრაობის ინერციით სავარძლის საზურგეს ავეკარი მეც და იმ რამდენიმე წამიანი შეყოვნებისას, სანამ აურელია, კიდესთან შემდგარი, მოქმედებას გააგრძელებდა, მოვახერხე აღმომეჩინა, რომ რაღაც იქამდე სრულიად უცხოს და წამლეკავ განცდას ვყავდი გაკავებული. მაშინვე ვეცადე, ემოციის გასაგებად როგორმე სიტყვები მომერგო უჩვეულო შეგრძნებისათვის და როცა მოვეშვი, მოვშორდი საზურგეს და აურელიამაც სცენის სიღრმისკენ გადაინაცვლა, ჩუმად გავაწყვე გონებაში სიტყვათშეთანხმება, რომ სილამაზით შეძრწუნება იყო ის, რამაც წამებით, დიდ სიჩუმეში, სუნთქვაც მყისიერად გამაწყვეტინა.

ეს განცდა, შემდგომ, „ზანზალაკების და ავგაროზის“ წარმოდგენას აღარც ერთი წამით აღარ გასცლია. მზერის არეალში არეულ მბზინვარე, თავბრუდამხვევ ვიზუალებს თან მუდამ ახლდა აზრი მშვენიერებისა და შიშის არაბუნებრივ ნაზავზე. ეს სილამაზე, მანათობელი ნივთებით, ჭრელი ნაჭრებით, კარდონის კედლებით ერთმანეთში განუწყვეტლად მიმორეული, თვალსაც კი თითქოს ტკივილით მჭრიდა, დროის კვალდაკვალ. ოღონდ ამ საზარელ აურზაურად ქცეულ სილამაზეს მაინც თან ახლდა მაგიური მიმზიდველობაც, რაც შეუძლებელს ხდიდა მზერის წამიერ მოსვენებას და დაძაბული ტანის დაცხრომას. ამ შეგრძნებებით, მეც, თვალებგაფართოებული მაყურებელი, დარწმუნებული ვიყავი მაშინ, რომ სცენაზე მდგარი აურელიას პერსონაჟიც მსგავსი მოუსვენრობით აწყდებოდა დეკორაციებს: უზარმაზარი, მომწვანო თვალებით სწვდებოდა გარშემო გაჩენილ თითოეულ ნივთს და ჯერ არგანცდილი, საუცხოო შეგრძნებების ძიებით საკუთარი ხელით აგებდა სიცოცხლის საკმარისობას. ამ მცდელობებით, ეცვლებოდა დეკორაცია დეკორაციას და ეს მუდმივი ცვალებადობა სცენაზე თავმოყრილი ნივთების გროვას თითქოს სიცოცხლის თვისებადაც ეპარებოდა. უსულო საგანთა ეს არსებობა იხვეწებოდა კლეპტომანი ქალის თვალწინვე: გაცოცხლების თვისება ხან ხალიჩებიდან სხეულებად წამომართავდა შემთხვევით ლაქებს; ხან პალტოს ხის საკიდებში კიდურებად იკლაკნებოდა; შარფიდან ხილზე ცოცდებოდა; ჩონჩხზე აისხამდა შანდლებს, საათებს და საბოლოოდ, დასრულებულ სხეულად აგებული, თავს დაესხმოდა თავის შემოქმედს.

წარმოდგენის მომაჯადოვებელი მსვლელობიდან მხოლოდ ერთხელ გამომაძევა გონების სიფხიზლემ, მაშინ, როცა არსაიდან მომაგონდა, წუთებით ადრე როგორ გადმოვკვეთე მარჯანიშვილის ქუჩა; თეატრში შემოსული მივესალმე ორ ძვირფას ნაცნობს; გავცვალეთ სიტყვა; მთავარ დარბაზში მოკლე საუბრით გადმოვინაცვლეთ და ჩვენ-ჩვენი, ჩვეულებრივი დღის მეხსიერებებით სპექტაკლის სანახავად მოვთავსდით იქვე. და მერე, როგორღაც, დადგა ეს აწმყოც, რომელშიც ერთი უფერული, ფარატინა ფარდაც კი არ გვმიჯნავდა დაუჯერებელი სინამდვილისგან და იყო აქ, ხელის გაწვდენაზე იყო ეს სიზმრებიდან დაცვენილი, ფერადი სურათი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s