იქნებ, მარადიული დასაწყისი

მარიამ სამუშია

ბერძენი ღმერთებიდან აქაურ, აწმყო თავგადასავლებამდე გონებამ თითქოს შეიხორცა შთაბეჭდილება, რომ ცეკვა მანიფესტაციაა თავისუფლების. სიცოცხლით აღელვების სიშმაგედ, მგზნებარე როკვად თუ ტანის მსუბუქ და უშფოთველ რწევად – მუსიკის ტემპს მიყოლილი მოძრაობა შეგრძნებათა გამამჟღავნებელ, გამათავისუფლებელ ხატად აღებეჭდა ცნობიერებას.

ამ ინტუიციით იწყება ბეკეტის პიესის სიბნელიდან სცენაზე ამოზიდულ მოცეკვავე სხეულებზე დაკვირვება. ეს ინტუიცია ეხლება ისევ, “May B-ის” ტრაგიკულობით უპირველეს შეძრწუნებასაც: ქორეოგრაფს სცენაზე ტერფებით მიუჭედავს თითქოს მსახიობები, იმდენად ზანტად, მძიმედ და ალბათ, სხეულის დიდი ტკივილითაც ითრევს ტანს დასი მუსიკის ტემპით. მოძრაობა იშვიათია, გამოზოგილი, უზარმაზარ შეყოვნებებად დაჩეხილი და ეს დუნე დინამიკა ნელ-ნელა ითარგმნება ფიქრად, რომ წარმოდგენა სულისშემხუთველ ამბავს თხზავს: სცენაზე დგომა-მისჯილი მსახიობების – სიცოცხლეში გარჩენილი ადამიანების ამბავს. ამ ფიქრის პასუხად თითქოს, პირველივე ეპიზოდში, დასიც წყვეტს ცეკვას, ტრიალდება მაყურებლისკენ და პიესის ერთადერთ სიტყვას ერთხმად წარმოთქვამს: “დასრულდა. ამოიწურა. თითქმის დამთავრდა. უნდა მორჩეს!”

ასეთი დასაწყისი აქვს May B-ის :  დასრულების სურვილის, თუ მუდარის მქონე.

კიდევ ერთი რამაა აქ, დასაწყისში, შესანიშნავი: წარმოდგენა მთლიანადაა დაცლილი დეკორაციისაგან, სივრცეც როგორღაც უფერულია და გამჭვირვალე. და თუ რამე ქმნის, მაინცდამაინც, დეკორაციას, ალბათ, კვლავ, სცენაზე მდგარი ათი სხეული: მსახიობებს თეთრი თიხით აქვთ ტანი მოთხვრილი და ნელი ცეკვისას სცენის ზედაპირს კვალად თიხისფერ ზოლებს ამჩნევენ. თითოეული ვექტორი ერთი, ცალკეული მოცეკვავის მოძრაობათა გრძელი ანაბეჭდია. მაგრამ დრო და დრო მსახიობთა თეთრი ტრაქეტორია, გამორჩეულ ფორმად რომ უნდა დამჩნეოდა სივრცეს, იმდენგვარად და იმდენჯერ გადაეწერება სცენას; იმდენნაირი მოძრაობის ანასახს დაიტყობს იატაკი, რომ საბოლოოდ, ნაკვალევთა ხშირი ქსელი სცენას ერთგვაროვან, თიხის თხელ სიბრტყედ გადაეკრობა. ამ თეთრ სიბრტყეზე, პოერსონაჟთა აღარც ერთი გზა გამორჩეული აღარაა. აღარც ერთი მოძრაობაა თავისთავადი, კერძო მნიშვნელობის მქონე. ამ გაერთგვაროვნებულ, კვალ-არეულ ატმოსფეროში გრძელდება წარმოდგენა და დეკორაციაც აღარც ერთხელ არ აღდგება დასაწყისის გარკვეულობით. მხოლოდ მაშინ, როცა შუბერტის მელოდია უეცარ მარშად გადაიქცევა, როცა აჩქარდებიან სხეულებიც, გაუხშირდებათ სუნთქვა და ხტომით, ვარდნით და ბრუნვით შეტოკდებიან სცენაზე – ამტვრიანდება იატაკი და კვალი სცენას თიხისფერ, უფორმო ნისლად დაეკიდება.

May B-ის სიმძიმით ნაგებ, მიზნით დაუსაზღვრელ სურათში, ყოველი ასეთი მარში მაყურებლის გამოსაცოცხლებელი სატყუარაა: მოცეკვავეთა მოძრაობის მუდმივი განმეორებადობა ქმნის რაიმეგვარი სიუჟეტის საბოლოოდ ხილვის ვნებას. ამიტომ, როცა განმეორებადობის ციკლი ირღვევა, იცვლება მუსიკის ტემპი და მსახიობებიც მზერას მოულოდნელი კუთხისაკენ მიმართავენ, ამბის მოხელთების სურვილით მაყურებლის მზერაც სცენას გაცხოველებით ეჭიდება. მსახიობები სადღაც მოლოდინით მიიწევენ, თითქოს უახლოვდებიან არსაიდან გაჩენილ სურვილს, თუმცა, ქორეოგრაფიული დეტერმინიზმი მოცეკვავეებს კვლავ აუცილებელ უმიზნობას უბრუნებს და იტყუებს ვნებისაგან დაცლილი ყოფის დამყოლ ბრუნვაში. ყოველი ასეთი შემთხვევისას სცენაზე მოძრავ პერსონაჟებს უჩვეულოდ უახლოვდება მაყურებელი. და რომელიღაც ჯერზე, მაშინ, მაგალითად, როცა მსახიობები კვლავ არსაიდან წვეული სიხარულით ტორტზე ანთებული სანთლების გარშემო მოიყრიან თავს, როცა ბედნიერები უბიძგებენ იუბილარს სანთლებისთვის სულის შებერვას და როცა შემდეგ, ჩამქრალ სანთლებთან ერთად მიილევა მათი ხალისიც, იგრძნობს მაყურებელი, რომ May B-ის გულის გამაწვრილებელი სევდა უბრალოებაა და სიმართლე. რომ მთელი დროის განმავლობაში, დარბაზში მჯდომი, თავად განიცდიდა უიმედობის სიმძაფრეს; თავისი შეგრძნებების და ფიქრების ანარეკლად ხედავდა თამაშს; ესწრაფვოდა მოქმედებას, როგორც პერსონაჟები ესწრაფვოდნენ საკუთარ მოქმედებათა შესაძლო მიზნებს; სურდათ მათ გამათავისუფლებელი დასასრული და თანაზიარი სევდით ისურვებს მაყურებელიც სპექტაკლის ბოლოს.

ბოლო კი არის ასეთი:

სცენაზე ერთადერთი პერსონაჟი დგას და რაღაცის მოლოდინში მზერა გაშტერებია. განათებას ნელა აკლდება სიმძლავრე, იმდენად ნელა, რომ ფიქრობ, შეუძლებელია, ოდესმე სიბნელემ გამოსახულება გააქროს. თან ხომ იცი, რომ თვალიც ეჩვევა უკუნ სიბნელეს, ხომ შეიძლება, დასასრულის შემდგომაც არჩევდე სცენაზე დარჩენილ მქრქალ კონტურებს მოთამაშისას?

რომელიღაც წამს მუსიკაც წყდება და სრული სიბნელე მოიცავს დარბაზს. ისმის ტაში და ამოისუნთქავ მძიმედ. თუმცა დარბაზის ხანგრძლივი აპლოდისმენტი ისევ აბრუნებს სინათლეს და უკანასკნელად ხედავ დასს, გახევებულს, ზანტად რომ იწყებს რხევას და კვლავ სინქრონით, May B-ის ტემპით ითრევს ტანს სცენის კიდემდე. ამ ერთიანი, მძიმე მოძრაობით ეფარება საბოლოოდ კულისებს გუნდი და ტაშიც წყდება.
და სანამ რიგებს შუა გაშეშებული დგახარ, წარმოიდგენ კედლის მიღმა მდგარ ათ მსახიობს, გაჩერებულს შემდეგ დასაწყისამდე, სიტყვებით, რომ დასრულდა.

ამოიწურა. თითქმის დამთავრდა. და უნდა მორჩეს!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s