და მათ იცეკვეს ,,საჩუქრისთვის’’

გიორგი ჭკადუა

ჩემი პირველი ბლოგი მოსალმებით დავიწყე და საბოლოოც მსურს ამგვარად დავიწყო. გამარჯობა. უცნაურია. მოგესალმეთ, მაგრამ არცერთს გაგიგიათ ჩემი მოსალმება. არცერთმა იცით როგორი ხმა მაქვს. იქნებ საერთოდაც აგდებულად გესალმებით და ინტონაციით ტალახში განგგლავთ. რით განსხვავდება ჩემი ,,გამარჯობა’’ სხვა ყველა დაწერილი გამარჯობისგან? ქუჩაში რომ მოგესალმოთ გაგახსენდებათ ეს მოსალმება? არა. თქვენს გონებაში ის არცერთ უჯრედს არ შეატოკებს. სამყაროში, სადაც კონტაქტი ვირტუალურ სივრცეში წერილებით მყარდება, სიტყვა უფრო და უფრო მეტად კარგავს ინტონაციას, მიმართებას და კავშირს ადამიანებთან, იმ კავშირს, რომელიც მას რეალურ სამყაროში გამოთქმის დროს გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს წიგნებს არ ეხება, იქ, ხანდახან, რეალურ სამყაროზე უფრო გამოკვეთილადაც ისმის პერსონაჟების ფიქრებიც კი. ეს პროცესი დამატებითი მცვეთავი მექანიზმია სიტყვებისა, რომლებიც ჩვენს ეპოქამდე უკვე იმდენჯერ ითქვა, რომ ნებისმიერი წინადადება ,,რა თქმა უნდა’’-თი შეგვიძლია დავიწყოთ. ,,რა ვქნათ, როცა სიტყვები აღარ არის საკმარისი’’? – ჰკითხა ერთმა ადამიანმა მეორეს, ისინი დაფიქრდნენ, პასუხი მოიფიქრეს და მათ იცეკვეს.

მე, როგორც ყოვლად არაელასტიურ და მოუქნელ ადამიანს, ცეკვაზეც სიტყვებით მეფიქრება და უფრო მეტიც, სხვისი სიტყვებით მეფიქრება, ეს სიტყვები კი შოთა ჩანტლაძეს ეკუთვნის. როგორც ხვდებით ცეკვაზე ვაპირებ საუბარს, ამიტომ ახლაც ,,სიკვდილის როკვა ანუ სხეულის აგონია ანუ მიზეზი მოკვდინების’’დამეხმარება.

,,სხეული ძვალწვრილი,

სხეული არწივი,

თითები ყანწივით,

წარბები ამწევი

შუბლისა მაღლა.

სახეზე დაღლა,

ბეჭებში დახრა.

ბეჭები – მკერდიდან სითბოს არ გაშვება,

ბეჭები – სიცივე.’’

სცენაზე მდგარი სამი ქალი. ღამის პრიალა პერანგებით. თეთრი კანით. გამხდარი ლავიწებით. სვეტივით წვივებით. ისინი იხრებიან და უბრუნდებიან საწყისს. მათი მეწყვილე კაცები კი, ძირითადად ნახევრად შიშვლები, უერთდებიან ქალების გაჭიმულ და მოგრძო კუნთებს. ასე ბზრიალებდა ექვსი მსახიობი ქეროლინ კარლსონის ქორეოგრაფიულ ნამუშევარში. ეს დადგმა სხვა ყველასგან თავისი მიდგომით განსხვავდებოდა. ჩემი აზრით, იყო მომენტები, როდესაც მოძრაობები კონრეტულ სიტყვებს ნიშნავდა. ისინი იყენებდნენ სხეულის ენას და ხანდახან მუსიკაში გამოთქმულ სიტყვებს განასახირებედნენ ჟესტებით. ვგულისხმობ, რომ სულ რამდენიმე მომენტში მსახიობები ცდილობდნენ არა გამოხატვას მხოლოდ ემოციისა, რაც სიტყვის უკან იმალება, არამედ პირდაპირ სიტყვის თქმას სხეულით. თითქოს მაყურებელს ბოლომდე არ ენდნენ. თითქოს სიტყვები მაინც მნიშვნელობენ.

კიდევ ერთ ცეკვით მოყოლილ ამბავში ,,ზანზალაკები და ავგაროზში’’ ის სიტყვები, რომლებიც საჭიროდ ჩათვალეს, რომ აუცილებელი იყო შინაარსისთვის, პირდაპირ თქვეს მსახიობებმა, თანაც ქართულად. ეს ფაქტი, ჩემი აზრით, უფრო მეტად ამ სპექტაკლს მატებს რაიმეს, ვიდრე კარლსონის ქორეოგრაფიას აკლებს. აურელია ჩაპლინის ღვთაებრიობაზე უკვე ვისაუბრე წინა ბლოგში, ამიტომ ახლა ღვთაებრივიდან დაცემულზე გადავალ.

,, ფეხები ერთმანეთს ამტვრევენ, ტეხავენ,

ფეხების კუნთები სხლტებიან ფეხებიდან,

ეჯიბრებიან ერთმანეთს ფეხები,

ფეხები ერთმანეთს ბოროტად ეხებიან.

ხელები ერთმანეთს ებრძვიან ხმაურით.

მარჯვენა მარცხენას, მარცხენა მარჯვენას,

მარჯვენაც იმარჯვებს, მარცხენაც იმარჯვებს

მარჯვენაც მარცხდება, მარცხენაც მარცხდება,

მარჯვენაც არ ცხრება, არ ცხრება მარცხენაც,

თითქოს და სხეული ბოროტად როკავდეს.’’

როსიო მოლინას თითოეული დაცემა ცეკვის დროს იყო ისეთი, როგორიც  ნამდვილი ,,დაცემული ანგელოზისა’’ იქნებოდა. მისი სხეული როკავდა ორი საათის განმავლობაში და წამით არ შეჩერებულა კუნთების დაჭიმვა. ჩვენ ვნახეთ მუსიკის სხვადახვა ჟანრში ნაცეკვი ფლამენკო, ბლუზში როკვიდან როკში როკვამდე.

,, და ბოლოს:

სხეული ვეღარ უძლებს აგონიას

და ძარღვი ტვინის, ძარღვი სიცოცხლის,

ძარღვი მთავარი

წყდება.

ამით ყველაფერი წყდება,

სიცოცხლე წყდება,

სხეული კვდება

და მოსისხარი მტრები ერთმანეთის

ხელები, ფეხები, თვალები, სისხლის ატომები

მშვიდდებიან სამუდამოდ.

ვაი, შენ უბედურო ადამიანო!..’’

და ბოლოს, ,,დაცემული ანგელოზი’’ ვენერას დაბადებიდან იწყებს და დიონისურ, სხეულებრივ ვნებებში იძირება. ადამიანი, რომელიც სხეულით ცდილობს გამოხატოს ნაფიქრი და ნაგრძობი ერთდროულად, ქმნის სინთეზს სხეულისა და სულისა, ერთიანდება, ამიტომ ის არ შეიძლება იყოს ყალბი. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენ ვნახეთ დადგმები, რომლებიც იყო უცხო, მაგრამ ნამდვილი და თავიანთი სინამდვილით, სხუელებრივი გამოხატვით, ატომებრივი როკვით, ჩვენი სხეულებისთვის იყო ახლობელი. სანამ ცოცხლები ვართ, სანამ ძარღვი არ გაწყვეტილა და ხელები, ფეხები, თვალები, სისხლის ატომები სამუდამოდ არ დამშვიდებულან უნდა ვიომოთ საკუთარ სხეულთან. გარე სამყაროში ცხადი და მოხელთებადი სწორედ სხეულია და თუ მოახერხებ ის გააერთიანო ემოციასთან და ფიქრთან, მოახერხებ, ისინიც ცხადი გახადო სამყაროში. ჩემი აზრით, წლევანდელი ფესტივალის მთავარი მესიჯი სწორედ ეს იყო. მეტს ალბათ ვერაფერს გეტყვით, ისედაც სიტყვების უადგილობაზე ზედმეტად ბევრი ვილაპრაკე. დაგემშვიდობებოდით, მაგრამ, მოსალმებისა არ იყოს, არც ეს იქნება საკუთრივ ჩემი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s